top_leaderboard

ევროკომისიის პრეზიდენტი ბრიუსელში ტრამპის სპეცწარმომადგენელს შეხვდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრიუსელში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინასა და რუსეთში კით კელოგს შეხვდა. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური იტყობინება.

შეხვედრისას ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს უკრაინის ფინანსური სტაბილურობისა და თავდაცვის უზრუნველყოფაში. მისი თქმით, ევროკავშირის მთლიანი ვალდებულება 135 მილიარდი ევროა – მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოკავშირის. ეს მოიცავს 52 მილიარდ აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას, რაც აშშ-ის წვლილს შეესაბამება.

მან ისაუბრა ევროპის გეგმებზე წარმოების მოცულობისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ, რაც გააძლიერებს როგორც ევროპის, ისე უკრაინის სამხედრო პოტენციალს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარების წილს სრულად ახორციელებს და მზადაა, კიდევ მეტი გააკეთოს.

ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერმა რეზოლუციამ პატივი უნდა სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც უსაფრთხოების ძლიერი გარანტიებით იქნება განმტკიცებული.

მან ასევე გამოხატა ევროკავშირის მზადყოფნა, იმუშაოს აშშ-თან სისხლისღვრის დასასრულებლად და დაეხმაროს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფას, რომელსაც უკრაინა და მისი ხალხი სამართლიანად იმსახურებს. როგორც [ევროკომისიის] პრეზიდენტმა ცხადყო, ახლა კრიტიკული მომენტია“, – ნათქვამია განცხადებაში

ასევე იხილეთ