ირაკლი კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: ცდილობენ შექმნან აპოკალიფსური სცენარი და ძალ-ღონეს არ იშურებენ, ძირი გამოუთხარონ ქვეყნის სტაბილურობას
„ყველანი კარგად ვხედავთ თუ როგორ მოქმედებს ქვეყანაში ღიად აგენტურული ქსელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახელით, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს, ყველანაირი გზით ძირი გამოუთხაროს ყველაფერს სახელმწიფოებრივს და ყველაფერს, რაც ასოცირდება ქვეყანაში სტაბილურობასთან და ეროვნულობასთან“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია აპოკალიფსური სურათის შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის დაზიანებას ცდილობს.
„ერთ-ერთი მათი მიზანი ამ დესტრუქციულ ქმედებებში იყო, შეექმნათ ქვეყნისთვის მაქსიმალურად ის აპოკალიფსური სურათი, რომელიც შეუქმნიდა ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას რაიმე საფრთხეს. ცდილობენ. მაქსიმალურად ისეთი აპოკალიფსური სცენარი შექმნან, რომელიც დააზიანებს ჩვენ ქვეყანას.
ასევე, მინდა შევეხო რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ძირითად პროექტებს, რომელიც დაანონსებულია და მუშაობაც დაწყებულია. პირველი, ახალი აეროპორტი, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 20 მილიონამდე ტურისტს უნდა მოემსახუროს. ასევე, უმაღლესი სტანდარტების ახალი სტადიონი, რომელიც 70 000 მაყურებელზეა გათვლილი. ასევე, დაწყებულია მუშაობა ციფრულიჰაბის შექმნაზე.
ეს ყველაფერი არის ძალიან მოკლე ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რომელიც განაპირობა „ქართული ოცნების“ სწორმა, პრაგმატულმა და გონივრულმა პოლიტიკამ და ეს როდის, მაშინ, როდესაც ე.წ „დიფ სთეითის“ მთელი მანქანა აქაურ აგენტურაზე დაყრდნობით მუშაობს და აკეთებს ყველაფერს, ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია და ბოლო წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთო ომში და ეს საფრთხე ჯერ არსად არ წასულა. ჩვენი პოლიტიკით ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას, ეკონომიკურ სტაბილურობას, განვითარებას და ყველაზე მნიშვნელოვანს – სუვერენიტეტს“, – აცხადებს ირაკლი კირცხალია.