ევროპელი ლიდერები უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ევროპის ქვეყნების ლიდერები ერთმანეთში უკრაინაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნის საკითხზე კამათობენ. ეს კონფლიქტი წარმოიშვა პარიზში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ორგანიზებული იყო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ, – იუწყება Financial Times.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროპელ ლიდერებს სურთ მიაღწიონ კონსენსუსს, თუ როგორ უპასუხონ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს. პოლონეთმა და ესპანეთმა უარი თქვეს სამშვიდობო ძალების გაგზავნაზე უკრაინაში, მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ შესთავაზა სამხედროების გაგზავნა, როგორც კიევის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი.
გამოცემა წერს, რომ პარიზში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ექვსი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის, ასევე ნატოს წარმომადგენლები ესწრებიან.
გამოცემამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზად არის და სურვილი აქვს, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში ბრიტანელი ჯარები გაგზავნოს. თუმცა, სხვა ქვეყნების ლიდერები მსგავსი განცხადების გაკეთებას ერიდებიან.
„ამჟამად არავინ განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. ამ დროისთვის მე ვერ ვხედავ სიმშვიდეს ჰორიზონტზე“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთი, ასევე, არ არის მზად თავისი ჯარების გაგზავნისთვის უკრაინაში, მაგრამ პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს კიევის დახმარებას.
გამოცემა დასძენს, რომ ევროპელი ლიდერები გეგმავენ განიხილონ თავდაცვის ხარჯებისა და ევროპის სამხედრო პოტენციალის გაზრდის ვარიანტები. განიხილება ერთობლივი დაფინანსების ვარიანტი.