მარკო რუბიო: რუსეთის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური სანქციების ნაწილი, შესაძლოა, სამშვიდობო დარეგულირების ფარგლებში მოიხსნას
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი უკრაინისთვის ისეთი მშვიდობის უზრუნველყოფაა, რომელიც სამართლიანი, მდგრადი, ხანგრძლივი და ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. ამის შესახებ რუბიომ საუდის არაბეთში, რუსულ დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„როგორი იქნება ეს შეთანხმება? სწორედ ამაზე იქნება საუბარი მომდევნო ეტაპზე“, – აცხადებს რუბიო.
მარკო რუბიო ვარაუდობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური სანქციების ნაწილი შეიძლება მოიხსნას სამშვიდობო დარეგულირების ფარგლებში.
„ყველა მხარე გარკვეულ დათმობაზე უნდა წავიდეს, ჩვენ წინასწარ არ განვსაზღვრავთ როგორ გამოიყურება ეს დათმობები“, – დასძინა მარკო რუბიომ.
ამასთან, რუბიომ თქვა, რომ თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი ერთადერთია, რომელსაც შეუძლია მშვიდობის დამყარება უკრაინაში.