ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის 29-ე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ზუგდიდში ჩაატარა
მიმდინარე წლის 1- 2 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 29-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12-კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით.
საქველმოქმედო აქციით ისარგებლა სამსახურის 160 ბენეფიციარმა და მათ ოჯახის წევრმა. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 320 ოპტიკური სათვალე და 30 გლუკომეტრი.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი რევაზ გაბუნია და სამედიცინო ცენტრის „დიომედ აფხაზეთი“ ზუგდიდის ფილიალის მენეჯერი ირინა ჩარგაზია.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.
მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 29 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 3354 ბენეფიციარს უსასყიდლოდ ჩაუტარდათ კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური გამოკვლევები; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასოდ გადაეცათ 4767 სათვალე;
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია ვეტერანებს წინასწარ მიეწოდებათ.