ირაკლი კირცხალია: ჩვენი პოლიტიკური ხედვები და ბატონი ტრამპის ადმინისტრაციის, მისი გუნდის პოლიტიკური ხედვები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთება
ვფიქრობ, კიდევ უფრო გამძაფრდება და კიდევ უფრო გახშირდება ჩვენი მაგალითის მოყვანა, ვინაიდან ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.
წამყვანმა მას ჰკითხა, „ტრამპის საჯარო ტექსტში გუშინ გამოჩნდა საქართველო, როგორც ომის მსხვერპლი 2008 წელს. საერთო სურათი და ეს განცხადებები რა მოცემულობას ქმნის საქართველოსთვის, რომელიც არის ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინში?“
როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, ჩვენც იმ სქემის ნაწილი ვართ, რომელ სქემასაც ასე საჯაროდ ამხელს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია.
„თუნდაც გამოსაძიებელია თანხების გათეთრების ნაწილში, თუნდაც გადატრიალების მცდელობაში ჩასხმული უზარმაზარი თანხები. ეს იქნება ტელევიზიებში, ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებში თუ მათი გავლით პარტიებში და ა.შ.
წარმოიდგინეთ რამხელა მანქანასთან გვაქვს საქმე, რომელიც არის „დიფ სთეითისგან“ მართული და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც, როგორც მსოფლიოს შემადგენელი ნაწილი, ვართ იმ სქემის ნაწილი, რომელიც მოქმედებდა აი, ამ დიდი მთავარი დონორი ორგანიზაციების მიერ მთელ მსოფლიოში, ჩვენს რეგიონშიც, ევროპაშიც და ა.შ. და ა.შ.
ასე, რომ დაველოდოთ ამ ყველაფერს. ჩვენ ჩვენი მხრიდან, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ყველაფერს გავაკეთებთ საკანონმდებლო ბაზით, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იყოს გამყარებული, ჩვენი დამოუკიდებლობა იყოს გამყარებული და მაქსიმალურად იყოს დაცული ქვეყნის უსაფრთხოება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი პოლიტიკური ხედვები და ბატონი ტრამპის ადმინისტრაციის, მისი გუნდის პოლიტიკური ხედვები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ასე, რომ ლოგიკური ჯაჭვია აქაც. დღესაც ვიტყვი, დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთება და უახლესი საქართველოს ისტორიაში იქნება ისტორიულ მაქსიმუმზე, ჯანსაღი ურთიერთობების ჭრილში. ყოველ შემთხვევაში, ამის ლოგიკური და ობიექტური მოლოდინი მაქვს. არა მხოლოდ მე, არამედ, ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს, საზოგადოების წევრს, რომელიც აკვირდება მოვლენებს როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოში“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.