top_leaderboard

AP: აშშ-ის სამხედრო დახმარების შეწყვეტა, შესაძლოა, საბედისწერო არ იყოს უკრაინისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სამხედრო დახმარების შეჩერება არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის თავდაცვა სწრაფად დაიმსხვრევა, მაგრამ ეს არის სერიოზული დარტყმა, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის შეიარაღებული ძალების არსენალიდან ზოგიერთი ყველაზე ეფექტური იარაღის გაქრობას და ზრდის ზეწოლას კიევზე სამშვიდობო შეთანხმებაზე დათანხმდეს, – წერს AP.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ტრამპის ბრძანება დახმარების შეჩერების შესახებ, ასევე, მოიცავს დახმარებას, რომელიც უკვე დამტკიცებული იყო და მიემართებოდა უკრაინაში.

პენტაგონის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, აღნიშნა, რომ გაურკვეველია რა იარაღი და რა რაოდენობის დახმარება შეწყდა.

გამოცემამ განმარტა, რომ ომის დაწყებიდან აშშ იყენებდა უკრაინის დახმარების ორ ძირითად მეთოდს: პრეზიდენტის უფლებამოსილებას პენტაგონის მარაგებიდან იარაღის აღების და უკრაინის ფრონტზე სწრაფად გაგზავნისთვის და უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა, რომელიც იყენებს გრძელვადიან კონტრაქტებს იარაღის გასაგზავნად.

ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ზოგიერთი იარაღი მოექცა ტრამპის აკრძალვაში. მაგალითად, გაურკვეველია ბაიდენის მიერ ვადის დასრულებამდე დამტკიცებული 500 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის ბედი. ის მოიცავდა საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, საბრძოლო მასალის გადაცემის სისტემებს და სხვა აღჭურვილობას, მაგრამ ამ დროისთვის უცნობია პაკეტის რა ნაწილი უკვე მიიღო უკრაინამ და რა ნაწილია შეჩერებული. ასევე, გაურკვეველია იმოქმედებს თუ არა ტრამპის ბრძანება ნებისმიერ კონტრაქტზე, რომელიც დამტკიცდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს.

აშშ-ის ქმედებებს არ ექნება უშუალო გავლენა ბრძოლის ველზე, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები უიმედოდ ცდილობენ შეაჩერონ რუსეთის დაუნდობელი შეტევა დონბასში. უკრაინულმა ჯარებმა შეანელეს რუსული წინსვლა ფრონტის ხაზზე… რუსეთი ძლიერდება უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური დანაკარგების ფასად“, – წერს გამოცემა.

ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ, უპირველეს ყოვლისა, დახმარების შეწყვეტა შეასუსტებს საჰაერო თავდაცვას და ზიანს აყენებს უკრაინის უნარს, დაარტყას რუსეთის სამიზნეებს ფრონტის ხაზის უკან.

ბატის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის სამხედრო ოპერაციების ექსპერტის, პატრიკ ბურის თქმით, უკრაინა უკვე განიცდის რაკეტების დეფიციტს ამერიკული პატრიოტის სისტემებისთვის, რომლებიც გადამწყვეტია ქალაქების დასაცავად რუსული საჰაერო თავდასხმებისგან.

ამავე ცნობით, უკრაინას აქვს საარტილერიო ჭურვებისა და სხვა საბრძოლო მასალის მარაგი და ქვეყანამ გაზარდა დრონების წარმოება.

გამოცემაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მიერ გამოყენებული სამხედრო ტექნიკის ნახევარზე მეტი წარმოებულია ქვეყანაში.

ასევე იხილეთ