ლარს ლოკე რასმუსენი: დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პატივს სცემს გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლებას და ვფიქრობ, მის გამოსვლაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია
დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პატივს სცემს გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლებას და ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მის გამოსვლაში, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.
ლარს ლოკე რასმუსენი გამოეხმაურა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გრენლანდიასთან დაკავშირებით.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დანიას, გრენლანდიას და აშშ-ს აქვს საერთო ინტერესები არქტიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ყურადღება მივაქციო, რომ მან თქვა: „ჩვენ პატივს ვცემთ, გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლებას“ და ვფიქრობ, ეს იყო მისი გამოსვლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუ რა იქნება გრენლანდიის გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, მათ სურთ, დანიასთან კავშირებით შემსუბუქება, ჩვენ ვმუშაობთ, რომ გვქონდეს უფრო მეტად თანასწორი ურთიერთობები. თუმცა, წარმოდგენა არ მაქვს, სურთ თუ არა ამის გაკეთება, რათა ამერიკის განუყოფელი ნაწილი გახდნენ. ამიტომ, თვითგამორკვევის უფლებაზე მისი განცხადება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მის სიტყვაში. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ, გრენლანდიას, დანიას და აშშ-ს გვაქვს საერთო ინტერესები, როდესაც საქმე ეხება უკიდურეს ჩრდილოეთს და არქტიკას. ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხზე ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვიმუშაოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იქნება დაფუძნებული იმ ფაქტზე, რომ ჩვენ ვართ დანიის სამეფო“ ,- განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლარს ლოკე რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ გრენლანდიაში 11 მარტს არჩევნებია დაგეგმილი და მნიშვნელოვანია, ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და ყოველგვარი საერთაშორისო ჩარევის გარეშე.
კონგრესში გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს გრენლანდია, რომელიც დანიის ავტონომიური ტერიტორიაა, აშშ-ის ნაწილი გახადოს.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, განსაზღვროთ საკუთარი მომავალი. და თუ თქვენ აირჩევთ, მოგესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებში“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ს გრენლანდია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სჭირდება და მუშაობს, რომ მიიღოს ის.
„ჩვენ ის ნამდვილად გვჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. და ვფიქრობ, ჩვენ მას მივიღებთ. ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.