top_leaderboard

„არაბთა ლიგის“ სამიტზე ღაზის სექტორის აღდგენის შესახებ ტრამპის გეგმის ალტერნატივას დაუჭირეს მხარი

არაბულ სახელმწიფოთა ლიგის საგანგებო სამიტის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ეგვიპტის გეგმას, რომელიც ღაზის სექტორის აღდგენისთვის 53 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს და არ გულისხმობს პალესტინელების განსახლებას.

ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ კაიროში გამართული სამიტის შედეგად განაცხადა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ეს ხუთწლიანი გეგმა მკვეთრად განსხვავდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ადრე გაჟღერებული „ახლო აღმოსავლეთის რივიერის“ ხედვისაგან, რომლის მიხედვითაც, იგეგმება ღაზის სექტორის მცხოვრებლების მასობრივი გადაადგილება არაბულ ქვეყნებში.

სიტყვით გამოსვლაში ეგვიპტის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ ტრამპს ასევე შეუძლია, ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობიან დარეგულირებას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წინადადება მკაცრად გააკრიტიკეს არაბული ქვეყნების წარმომადგენლებმა.

„ნამდვილი მშვიდობა არ იქნება პალესტინური სახელმწიფოს შექმნის გარეშე, მშვიდობა ვერ იქნება მიღწეული ძალით და ვერ იქნება თავსმოხვეული“, – განაცხადა ალ-სისიმ კაიროში სამიტის გახსნაზე.

გაერო-ს შეფასებით, ომის შედეგად ღაზის სექტორში დაზიანებულია ან განადგურებულია შენობების 70 პროცენტზე მეტი.

ეგვიპტის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, ღაზის სექტორის აღდგენის საწყისი ექვსთვიანი ეტაპი მიმართული იქნება ნანგრევების გატანასა და დროებითი საცხოვრებლის დამონტაჟებაზე, რაც დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი დაჯდება. პირველ ეტაპზე გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში ითვალისწინებს ღაზის სექტორში 200 000 საცხოვრებლის მშენებლობას. დოკუმენტი საერთაშორისო საზოგადოებასა და დონორებს ოპერატიული დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს. როგორც ვარაუდობენ, ამ გეგმის რეალიზაციაში მთავარი როლი შეიძლება შეასრულონ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და საუდის არაბეთმა.

2030 წლისთვის გეგმა ითვალისწინებს ასობით ათასი ახალი სახლის მშენებლობას, სადაც 3 მილიონამდე ადამიანი იცხოვრებს, ასევე აეროპორტის, სამრეწველო ზონების, სასტუმროებისა და პარკების მოწყობას.

ეგვიპტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ პალესტინელებთან ერთად ჩამოაყალიბა ადმინისტრაციული კომიტეტი, რომელიც შედგება პალესტინელი ექსპერტებისგან. ამ კომიტეტმა უნდა გააკონტროლოს ჰუმანიტარული დახმარება და მართოს ღაზის სექტორი „გარდამავალ საფუძველზე, პალესტინის ადმინისტრაციის დაბრუნებამდე“.

„ჰამასის“ წარმომადგენლები ღაზის სექტორის აღდგენის შესახებ ეგვიპტის გეგმას მიესალმნენ, ხოლო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად გააკრიტიკა სამიტის დეკლარაცია.

ამ პროექტში „ჰამასის“ სასტიკი ტერორისტული თავდასხმა, რომლის შედეგადაც ათასობით ისრაელელი დაიღუპა და ასობით ადამიანი გაიტაცეს, არ არის ნახსენები და ეს მკვლელი ტერორისტული ორგანიზაცია არ არის დაგმობილი“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე იხილეთ