top_leaderboard

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ტრამპმა თქვა, რომ გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლებას პატივს სცემს და ვფიქრობ, მის გამოსვლაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პატივს სცემს გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლებას და ვფიქრობ, მის გამოსვლაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, წერს Reuters-ი.

კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ სურს, დანიის დაქვემდებარებაში მყოფი გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გახდეს და აღნიშნა, რომ კუნძული აშშ-ს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

„[ტრამპმა] თქვა, რომ [ისინი] პატივს სცემენ გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლებას და ვფიქრობ, ეს ამ გამოსვლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო”, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, დანიას, გრენლანდიას და აშშ-ს აქვთ საერთო ინტერესები არქტიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად ამის მისაღწევად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დაფუძნებული იქნება იმ ფაქტზე, რომ ჩვენ დანიის სამეფო გვაქვს“, – დასძინა მან.

როგორც „როიტერი“ წერს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ გრენლანდიელთა უმეტესობა შეერთებულ შტატებში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, თუმცა უმრავლესობა მხარს უჭერს დანიისგან საბოლოო დამოუკიდებლობას. დანიის მთავრობამ კი განაცხადა, რომ არქტიკულმა კუნძულმა საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს და ის არ იყიდება.

ასევე იხილეთ