ამერიკული მედია: აშშ-ს ზელენსკი წერილის შემდეგ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება არ აღუდგენია
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილის შემდეგ კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება არ აღუდგენია. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, ჯერჯერობით გაუგებარია, საკმარისი იქნება თუ არა ზელენსკის განცხადება, რათა ტრამპმა აღადგინოს შეწყვეტილი სამხედრო დახმარება.
„ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პაუზა გაგრძელდება მანამ, სანამ ტრამპი არ გადაწყვეტს, რომ ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხარს უჭერს“, – წერს The Wall Street Journal-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სამხედრო დახმარების შეჩერების გადაწყვეტილების მიზანია „აჩვენოს უკრაინელ ლიდერს, რომ თეთრი სახლი სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობის მიღწევის მიმართ“.
ოფიციალური პირები The Wall Street Journal-ს აგრეთვე უყვებიან, რომ იშვიათი წიაღისეულის მოპოვების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც კი, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განახლების საკითხში ტრამპის დასარწმუნებლად.
გაზეთი The New York Times-ი, თავის მხრივ, წერს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მიესალმა ზელენსკის გუშინდელ განცხადებას სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისა და წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მზადყოფნის შესახებ, მან მაინც დატოვა ძალაში თავისი გადაწყვეტილება, რომელიც სამხედრო დახმარების შეჩერებას ეხება.