ირაკლი ქადაგიშვილი: ვისაც გარკვეულწილად აწყობს ომის გაგრძელება, მათში ის რიტორიკა არის წამოწეული, რომ თუ ეს ომი რუსეთის დამარცხებით არ დამთავრდა, ეს დამთავრდება ევროპის ოკუპაციით, რაც ლოგიკას მოკლებულია
ვისაც გარკვეულწილად აწყობს ომის გაგრძელება, მათში ის რიტორიკა არის წამოწეული, რომ თუ ეს ომი რუსეთის დამარცხებით არ დამთავრდა, ეს დამთავრდება ევროპის ოკუპაციით, რაც ლოგიკას მოკლებულია, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
წამყვანმა მას ჰკითხა, რა როლი ექნება საქართველოს იმ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში, რომელშიც მსოფლიო შედის.
„როცა საუბარია იმაზე, ომმა შეიძლება თუ არა რომ გადაინაცვლოს ევროპის კონტინენტზე უფრო ღრმად, ჩვენ აქ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, თუ ომი არ გაჩერდა, ამის ალბათობა იარსებებს. თუ ომი გაჩერდება, ეს ალბათობა ან მთლიანად გამოირიცხება, ან მაქსიმალურად შემცირდება. ეს არის აქსიომა. ვისაც გარკვეულწილად აწყობს ომის გაგრძელება, მათში ის რიტორიკა არის წამოწეული, რომ თუ ეს ომი რუსეთის დამარცხებით არ დამთავრდა, ეს დამთავრდება ევროპის ოკუპაციით, რაც ლოგიკას მოკლებულია.
ბალტიის ქვეყნებს აქვთ რეალურად რუსეთის შიში, რაც სადღაც ობიექტურია, მაგრამ ამ მიმართულებით ისინი საკმაოდ უზნეო პოლიტიკას ეწევიან საქართველოსთან მიმართებაში. წინასაარჩევნო პერიოდში მათი ჩართულობა ემსახურებოდა იმას, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ გარედან მართული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა სააკაშვილის, უკრაინის და „გლობალური ომის პარტიის“ პოლიტიკის პირდაპირი შემსრულებელი. ეს გლობალურ ხედვაში, რომ რამდენიმე ფრონტით უნდა ყოფილიყო რუსეთის გარშემო ცეცხლის რკალი გახსნილი, თავის როლს შეასრულებდა, მაგრამ საქართველოსთვის იქნებოდა გამანადგურებელი. ამას შევეწინააღმდეგეთ.
ამ ცვლილებების ჟამს, მოვახერხეთ, რომ ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა და მას ეკონომიკური განვითარების სტაბილური, მაღალი ნიშნული გააჩნია. ველოდებით, რომ სამშვიდობო პოლიტიკა, რაც თავიდანვე ჰქონდა დაკავებული საქართველოს, ლოგიკურ შედეგებს გამოიღებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.