რუბიო „ჰამასს“ მოუწოდებს, ტრამპის მუქარას სერიოზულად მოეკიდოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ მოუწოდებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას სერიოზულად მოეკიდოს.
„ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ პრეზიდენტი ამ ხალხს ხვდება, მათ ისტორიებს ისმენს; ის გაბრაზებულია და სამართლიანადაც. იგი დაიღალა ყოველ შაბათ-კვირას ამ ვიდეოების ყურებით, სადაც გაფითრებულ მძევლებს ათავისუფლებენ და ცხედრებს აბრუნებენ, ზოგჯერ კი ეს არასწორი ცხედრებია, ხუთი აქ და სამი იქ და არის თამაშები, რომლებსაც თამაშობენ. მან დაკარგა მოთმინება“, – განუცხადა რუბიომ Fox News-ს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპი არ ამბობს ისეთ რაღაცებს, რასაც არ გულისხმობს და თუკი ამბობს, რომ აპირებს რაიმეს გაკეთებას, ის ამას გააკეთებს. ამიტომ, რუბიოს თქმით, სჯობს „ჰამასმა“ აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები „სერიოზულად მიიღოს“.
ინფორმაციისთვის, ტრამპმა „ჰამასს“ ულტიმატუმი წაუყენა, რომ გაათავისუფლონ მძევლები და დატოვონ ღაზას სექტორი.
„ახლავე გამოუშვით ყველა მძევალი, არა – გვიან და მყისიერად დააბრუნეთ ყველა იმ ადამიანის ცხედარი, რომელიც მოკალით, ან თქვენი საქმე დამთავრებულია.
ეს არის თქვენი ბოლო გაფრთხილება! „ჰამასის“ ლიდერებისთვის, ახლა ღაზას დატოვების დროა, სანამ ამის შანსი კიდევ გაქვთ“, – დაწერა ტრამპმა თავის Truth Social პლატფორმაზე გათავისუფლებულ მძევლებთან შეხვედრის შემდეგ.