top_leaderboard

ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში გამართულ შეხვედრაზე: საქართველოს დელეგაციისთვის მნიშვნელოვანია ორი პრინციპული თემა – დევნილთა დაბრუნება და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.საქართველოს დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციაზე, და ამ კონტექსტში, ოჩამჩირეში რუსეთის უკანონო საზღვაო ბაზის მშენებლობისა და სოხუმის აეროპორტის ამოქმედების ფაქტებზე. ქართულმა მხარემ ასევე დაგმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა, რაც წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„საქართველოს დელეგაციისთვის მნიშვნელოვანია ორი პრინციპული თემა. ეს არის დევნილთა დაბრუნება და უსაფრთხოების გარემოების შეცვლა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა კონფლიქტის მოგვარების ფაზაში. ჩვენ გვაქვს ახალი განვითარება, როგორც უსაფრთხოების, ასევე, ჰუმანიტარულ თემებში. პირველ რიგში ეს არის სოხუმის აეროპორტის ამოქმედება, რომელიც არის უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ნაწილი და აფხაზეთის შემდგომი მილიტარიზაციის და ოკუპაციის გაგრძელების ნაწილი. ეს საკითხები იყო ფართო მსჯელობის საკითხი. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვხედავთ დესტრუქციულ მიდგომას მეორე მხრიდან“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლაშა დარსალიამ.

ასევე იხილეთ