კრივოი-როგის სასტუმროზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა
5 მარტს, საღამოს კრივოი-როგის სასტუმროზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
თავდაპირველად ცნობილი გახდა 3 დაღუპულის შესახებ, შემდეგ კი მსხვერპლთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.
„კრივოი-როგში ღამით მომხდარი სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა – ორი კაცი და ერთი ქალი. დაშავებულია 31 ადამიანი, მათგან ერთი ბავშვია“, – დაწერა ლისაკმა Telegram-ზე.
მისივე თქმით, დაშავებულთა უმეტესობა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 14 მძიმე მდგომარეობაშია.
ამავე ცნობით, სასტუმროს გარდა, დაზიანდა 14 საცხოვრებელი კორპუსი, ფოსტა, თითქმის 20 მანქანა, კულტურული დაწესებულება და 12 მაღაზია. მაშველები ნანგრევების გაწმენდას აგრძელებენ.