რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის საგამოძიებო დირექტორატზე, DIICOT-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს შექმნილი დაჯგუფების წევრები ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოყვანას, არსებული კონსტიტუციური წესრიგის განადგურებას, რუმინეთის სახელმწიფო დროშის, ჰიმნისა და სახელწოდების შეცვლას გეგმავდნენ.
„ექვსი დაკავებულიდან ხუთმა 2023 წელს ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი რუმინული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შესარყევად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის პოლიტიკური მეთოდებით დარღვევის გზით. ასევე, კრიმინალური დაჯგუფების წევრები არაერთხელ დაუკავშირდნენ უცხო სახელმწიფოს აგენტებს, როგორც რუმინეთში, ისე რუსეთის ფედერაციაში“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჯგუფს ჰქონდა საკუთარი სამხედრო სტრუქტურა, ხოლო მისი ერთ-ერთი წევრი იყო გადამდგარი გენერალ-მაიორი.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაჯგუფების მიზანს კონსტიტუციური წესრიგის დამხობა, ახალი მთავრობის დანიშვნა და ქვეყნის ნატოდან გაყვანა წარმოადგენდა.
„იანვარში, ორი ბრალდებული მოსკოვში გაემგზავრა, სადაც კონტაქტი დაამყარეს იმ ადამიანებთან, რომლებიც მზად იყვნენ რუმინეთში სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ორგანიზაციისთვის მხარი დაეჭირათ“, – აცხადებენ პროკურორები.