„ჰამასი“ მზადაა მძევლები განუსაზღვრელი ვადით ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში გაათავისუფლოს
დაჯგუფება „ჰამასი“ მზად არის მხოლოდ განუსაზღვრელი ვადით ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში გაათავისუფლოს ღაზას სექტორში დაკავებული მძევლები. დაჯგუფება თეთრი სახლის ლიდერის მუქარას უგულებელყოფს – აღნიშნულის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.
„ჰამასმა“ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გასვლის მცდელობაში დაადანაშაულა.
„დაგეგმილი იყო მეტი ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი ტყვეების გათავისუფლება, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა და ისრაელის ჯარების გაყვანა ღაზას სექტორიდან“, – აცხადებს „ჰამასის“ სპიკერი.
„გაათავისუფლეთ ყველა მძევალი ახლავე, ეს ბოლო გაფრთხილებაა“, – მიმართა ტრამპმა Truth Social-ზე „ჰამასს“.
ამასთან, ისრაელის დაზვერვის განცხადებით, 22 მძევალი ჯერ კიდევ ცოცხალია, ხოლო ორის ბედი უცნობია. ღაზას სექტორში დარჩენილ მძევლებს შორის 5 ამერიკელია.
42-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ღაზას სექტორის შეთანხმების პირველი ეტაპის ნაწილი იყო, შაბათს მას შემდეგ ამოიწურა, რაც მხარეებმა შეთანხმების გახანგრძლივებას ვერ მიაღწიეს.