ევროკავშირი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების 5 პრინციპზე შეთანხმდა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები შეთანხმდნენ ხუთ პრინციპზე, რომელიც უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით უნდა დაიცვან. ამის შესახებ ბრიუსელში ევროსაბჭოს არაფორმალური შეხვედრის დასკვნებშია ნათქვამი.
კერძოდ, მოლაპარაკებების ახალი იმპულსის გათვალისწინებით, რომელსაც უნდა მოჰყვეს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა,ევროკავშირის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს შემდეგი ხუთი პრინციპის მნიშვნელობას:
I. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკება არ შეიძლება.
II. ევროპული უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებები ევროპის ჩართულობის გარეშე არ შეიძლება (უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოება, ტრანსატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოება ერთმანეთთან არის დაკავშირებული).
III. ნებისმიერი ზავი, ან ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის პროცესის ნაწილი, რომელიც ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებამდე მიგვიყვანს.
IV. ნებისმიერი ასეთი შეთანხმება უნდა იყოს მხარდაჭერილი უკრაინის უსაფრთხოების სანდო და საიმედო გარანტიებით, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის მომავალი აგრესიის თავიდან აცილებას.
V. მსოფლიომ პატივი უნდა სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„მშვიდობის მიღწევა ძალის მეშვეობით მოითხოვს, რომ უკრაინა იყოს მაქსიმალურად ძლიერ პოზიციაში, საკუთარი საიმედო სამხედრო და თავდაცვითი შესაძლებლობებით, როგორც არსებითი კომპონენტი“, – ნათქვამია დასკვნებში.
ეს გასათვალისწინებელია როგორც ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებამდე, ისე მოლაპარაკებების დროს და შემდგომ.
„ევროკავშირი თანამოაზრე პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინირებულად რჩება უკრაინისა და მისი ხალხისთვის გაძლიერებული პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის ერთგული, მათ შორის ახალი სანქციების და არსებული ზომების გაძლიერების გზით, რათა შეასუსტოს რუსეთის უნარი, გააგრძელოს აგრესიული ომი“, – აღნიშნულია მოხსენებაში.
ამასთან, 2025 წელს ევროკავშირი უკრაინას 30,6 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს. მოსალოდნელია, რომ უკრაინის გეგმის (Ukraine Facility) ფარგლებში გადახდები 12.5 მილიარდ ევროს მიაღწევს, ხოლო „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ERA-ს ინიციატივის ფარგლებში გადახდები, რომლებიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიიღება, 18.1 მილიარდ ევროს შეადგენს.
ევროპულმა საბჭომ ასევე განიხილა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით უზრუნველყოფის მიმართულებით გაწეული მუშაობა.
ამავდროულად, ამ წელს უკრაინისთვის უკვე გამოყოფილი თანხების გარდა, ევროკავშირის ლიდერები მიესალმებიან წევრი ქვეყნების მზადყოფნას, სასწრაფოდ გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინის გადაუდებელი სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალისა და რაკეტების მიწოდების, უკრაინული ბრიგადებისთვის საჭირო სწავლებისა და აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესახებ. დასკვნებში ნათქვამია:
„ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკომისიას, სწრაფად გააგრძელოს მუშაობა ინიციატივებზე, კერძოდ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის (კაია კალასი) მიერ, რათა უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო მხარდაჭერას კოორდინირება გაუწიოს, მათ შორის G7-ის ERA ინიციატივის ფარგლებში, სამხედრო საჭიროებების კომპონენტს.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან შეიტანონ შემდგომი წვლილი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში შესაბამისი კომპეტენციებისა და შესაძლებლობების საფუძველზე და საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ინსტრუმენტების შესაძლო გამოყენების შესწავლით.
ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოსტას განცხადებით, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინას დამატებით 15 მილიარდ ევროს გამოუყოფს.