ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, ერთი მხრივ, ჩინეთზე წნეხი განახორციელოს და მეორე მხრივ, მასთან კარგი ურთიერთობები განავითაროს
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დიდმა ძალებმა არ უნდა დაჩაგრონ სუსტები.
როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, პეკინი „მტკიცედ დაუპირისპირდება“ აშშ-ს ზეწოლას ტარიფებისა და „ფენტანილის“ საკითხზე.
„თუ ერთი მხარე ბრმად ახორციელებს ზეწოლას, ჩინეთი მტკიცედ დაუპირისპირდება მას“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, ერთი მხრივ, ჩინეთზე წნეხი განახორციელოს და მეორე მხრივ, ჩინეთთან კარგი ურთიერთობები განავითაროს.
ვან ის თქმით, ასეთი „ორსახოვანი მიდგომა არ არის სასარგებლო სტაბილური ურთიერთობებისთვის“.
უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ჩინეთს სურს, მიაღწიოს სამართლიან, ხანგრძლივ და სავალდებულო სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მისაღები იქნება ყველა მხარისთვის.
„ჩინეთი მზადაა, განაგრძოს კონსტრუქციული როლის შესრულება კრიზისის საბოლოო გადაწყვეტასა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში, დაინტერესებული მხარეების სურვილების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვან იმ ასევე ისაუბრა ევროკავშირთან ურთიერთობებზეც. მისი თქმით, „ჩინეთს კვლავ აქვს რწმენა ევროპის მიმართ და სჯერა, რომ ევროპა კვლავ შეიძლება იყოს ჩინეთის სანდო პარტნიორი“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასაც.
„ყველა ქვეყანა ხაზს თუ გაუსვამს საკუთარ ეროვნულ პრიორიტეტებს და სჯერა ძალისა და სტატუსის, მაშინ მსოფლიო დაუბრუნდება ჯუნგლების კანონს, და დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან პატარა და სუსტი ქვეყნები. დიდმა ძალებმა არ უნდა იმოქმედონ მოგებაზე ორიენტირებით, და არ უნდა დაჩაგრონ სუსტები“, – განაცხადა ვან იმ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა მიმდინარე კვირაში ჩინურ იმპორტზე დამატებითი 10%-იანი ტარიფი დააწესა. ამის მიზეზად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ში ნარკოტიკული ნივთიერება „ფენტანილთან“ დაკავშირებით არსებული კრიზისი დაასახელეს. დონალდ ტრამპის განცხადებით, „ფენტალინი“ აშშ-ში ჩინეთიდან შედის.