რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს უკრაინის წინააღმდეგ 200-ზე მეტი დრონი გამოიყენა – უკრაინული მხარე
რუსულმა ძალებმა 7 მარტის ღამეს უკრაინის წინააღმდეგ მასირებული საჰაერო დარტყმა განახორციელა.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა მტრის 34 რაკეტა და 100 დრონი, 86 დრონმა მიზნამდე ვერ მიაღწია.
„მტრის საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს საზენიტო სარაკეტო დანაყოფებმა, ასევე უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა. ასევე მონაწილეობდნენ გამანადგურებელი თვითმფრინავები, კერძოდ F-16 და ფრანგული Mirage-2000. აღსანიშნავია, რომ ფრანგული Mirage-2000 უკრაინას მხოლოდ გასულ თვეს მიაწოდეს.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სხვადასხვა ტიპის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო რაკეტებით კომბინირებული დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის მთავარი აქცენტი გაზის წარმოების ობიექტებზე იყო“, – იტყობინება უკრაინის საჰაერო ძალები.
შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.