ჯორჯია მელონიმ წამოაყენა წინადადება, ნატოს მე-5 მუხლი გავრცელდეს უკრაინაზე, ალიანსში მისი გაწევრიანების გარეშე
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ წამოაყენა წინადადება, ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი გავრცელდეს უკრაინაზე, სამხედრო ალიანსში მისი გაწევრიანების გარეშე, რაც, მელონის თქმით, „სტაბილური, გრძელვადიანი და ეფექტური უსაფრთხოების გარანტი“ იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში განუცხადა, იუწყება Financial Times.
„უკრაინაზე იგივე საფარის გავრცელება, რაც ნატოს ქვეყნებს აქვთ, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა, მაგრამ ამავე დროს, ეს იქნებოდა რაღაც განსხვავებული ნატოს წევრობისგან. ვფიქრობ, ეს იქნებოდა უსაფრთხოების სტაბილური, გრძელვადიანი, ეფექტური გარანტია, უფრო მეტი, ვიდრე ზოგიერთი წინადადება, რასაც ვხედავ“, – განაცხადა მელონიმ.
კითხვაზე, რა განსხვავებაა მელონის წინადადებასა და უკრაინისთვის ნატოში სრულუფლებიანი წევრობის მინიჭებას შორის, იტალიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს ურთიერთდაცვის მუხლის გააქტიურებას „უკრაინის დასაცავადაც, ნატოს მიღმა ტერიტორიაზეც კი, კიევის წევრობის მიუხედავად“.
მელონიმ ასევე გამორიცხა იტალიის ჯარების ჩართვა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემთხვევაში და დასძინა, რომ „ევროპის ჯარების, ფრანგულის თუ ბრიტანულის, განლაგება ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა“.
„მე კვლავ ძალიან დაბნეული ვარ ამ წინადადებით,” – განაცხადა მან.