დავით მათიკაშვილი: ცალკეული ქვეყნის ელჩების საქციელში აშკარად იკვეთება შეხმატკბილებული მცდელობა ქართველ რადიკალ ოპოზიციონერებთან ერთად, მოახდინონ საზოგადოების აზრის ნიველირება
ცალკეული ქვეყნის ელჩებს, მე მგონი საერთოდ არ აქვთ ვენის კონვენცია წაკითხული. ასეც რომ არ იყოს, აშკარად იკვეთება მათ საქციელში რაღაცა შეხმატკბილებული მცდელობა ქართველ რადიკალ ოპოზიციონერებთან ერთად და იმ ძალებთან ერთად, ვინც გარედან ახდენს ამ შიდა რადიკალების მართვას, რომ ლეგიტიმურ ხელისუფლებას, მის ლეგიტიმაციას, ხალხის და საზოგადოების გადაწყვეტილებას შეუქმნას საფრთხეები. ანუ მოახდინონ საზოგადოების აზრის ნიველირება, ჩვენი ელექტორატის უდიდესი უმრავლესობის გადაწყვეტილებების, – განაცხადა გადაცემაში საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა უცხო ქვეყნის ელჩების ქართულ სასამართლო პროცესებზე დასწრების შეფასებისას.
„ამ ყველაფერში არიან სამწუხაროდ ჩართულები ცალკეული ქვეყნის ელჩები, რომელთა საქციელიც არაფრის დიდებით არ ჯდება დიპლომატიურობის ფარგლებში. ისინი პირდაპირ ესწრებიან სასამართლო სხდომებს და ცდილობენ მოახდინონ მოსამართლეებზე რაღაც გარკვეული ზეწოლა. რაღაც სამარცხვინო საქციელებს სჩადიან მათი წარმომდგენი ქვეყნები, როდესაც აქ საქართველოს მოსამართლეებს ასანქცირებენ. საერთოდ გაუგებარ და არა თუ მეგობრულ, არამედ არანაირ პარტნიორულ ურთიერთობაში რომ არ ჯდება ისეთ ნაბიჯებზე მიდიან, როგორც ის ქვეყნები, ასევე მათი წარმომდგენი ელჩები. საბოლოო ჯამში ეს კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოების თვალში მკაფიოდ უსვამს ხაზს როგორი სწორი, პრინციპული და ეროვნული პოზიცია უკავია ჩვენს ქვეყანას. და თუ არა ეს პოზიცია, რა დიდ უბედურებაში შეიძლება გახვეულიყო საქართველო, ისეთში, სადაც არის სამწუხაროდ დღეს ჩვენი მეგობარი უკრაინა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.