NYT: ტრამპისთვის უკრაინა არის პაიკი, რომლის გაწირვაც შეიძლება
აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ამერიკა ზესახელმწიფოა, რომელსაც რუსეთი თავს არ დაესხმება, უკრაინა კი პაიკია, რომლის გაწირვაც შეიძლება, – ამის შესახებ ჟურნალისტი ფარა სტოკმანი The New York Times-ში წერს.
მისი თქმით, ზოგიერთს მიაჩნია, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკას განაპირობებს ფული ან იდეოლოგია. მაგრამ, ავტორის აზრით, მისთვის მთავარია არა ქვეყნის სიმდიდრე ან იდეოლოგია, არამედ მისი სიდიადე. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ტრამპი რეალიზმის პოლიტიკას ემხრობა. მას სუსტებზე დომინირებისა და ძლიერების პატივისცემის იდეა მოსწონს.
როგორც ჟურნალისტი წერს, აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ორი საკვანძო ფაქტორი გაიაზრა: ერთი ეხება იმას, რომ ლიბერალური მსოფლიო დღის წესრიგი მხოლოდ აშშ-ის სამხედრო უპირატესობის ხარჯზე იმართებოდა, ხოლო მეორე გულისხმობს იმას, რომ ამერიკის მოქალაქეებს აღარ სურთ სხვა ქვეყნებისთვის ფინანსური ტვირთის ტარება.
მან დასძინა, რომ რეალისტები სამყაროს სასტიკ, ანარქიულ ადგილად ხედავენ და მათთვის მნიშვნელოვანია თავიდან აიცილონ დაპირისპირება სხვა „მოძალადეებთან“: „ტრამპს სურს რუსეთთან ომის თავიდან აცილება. გასულ კვირას თეთრ სახლში ბატონმა ტრამპმა ათენელის როლი შეასრულა. როდესაც მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა: „ამჟამად არ გაქვს კარტი“, ის საუბრობდა ქვეყნის სტრატეგიულ პოზიციაზე და არა კეთილშობილურ იდეებზე ან საერთო ღირებულებებზე“.