top_leaderboard

The Times: დიდი ბრიტანეთი უკრაინას აშშ-თან მოლაპარაკებების წინ ურჩევს, ახალი დაპირისპირება თავიდან აიცილოს

ამ კვირაში საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრის წინ დიდი ბრიტანეთი უკრაინას მოლაპარაკებების თაობაზე რჩევას აძლევს. ამის შესახებ The Times-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონათან პაუელი შაბათ-კვირას უკრაინას ეწვია, რათა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის კონსულტაციები გაეწია უკრაინული და ამერიკული დელეგაციების შეხვედრამდე, რომელიც საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში 11 მარტს გაიმართება.

გამოცემა წერს, რომ ბრიტანელები ცდილობენ, თავიდან აიცილონ ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპთან ვოლოდიმირ ზელენსკის „კატასტროფული კამათის განმეორება“.

სავარაუდოდ, პაუელმა ზელენსკის ურჩია, ნათლად აჩვენოს, რომ ამერიკელების მოთხოვნებზე რეაგირებს, რათა ტრამპთან ხაზი გაუსვას, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე მთავარი დაბრკოლება რუსეთი იყო“, – წერს The Times-ი. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ასევე ცდილობს, დაარწმუნოს ტრამპი, განაახლოს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება უკრაინასთან მას შემდეგ, რაც ის გასულ კვირას მოულოდნელად შეწყდა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს კიევის უნარს, რუსული იერიშებისგან საკუთარი ქალაქები დაიცვას.

დიდი ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ ტრამპს დაარწმუნებს, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება დაზვერვის გაზიარების შესახებ, რაც განიხილება, როგორც უფრო სასწრაფო და შესაძლებელი, ვიდრე სამხედრო დახმარების განახლება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ასევე შეაჩერა“, – წერს The Times.

აღნიშნულია, რომ შაბათ-კვირას სტარმერმა ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან, რომელიც ამ კვირაში ვაშინგტონს ეწვევა, კიევთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების განახლების აუცილებლობასთან დაკავშირებით. პაუელმა ასევე ამაზე ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველთან მაიკ უოლცთან.

ინფორმაციისთვის, დღეს, 10 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების წინ საუდის არაბეთის ლიდერს მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.

მოლაპარაკებებს თავად ზელენსკი არ დაესწრება, მაგრამ უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში მისი შტაბის უფროსი ანდრეი ერმაკი იქნება. ამასთან, დიდი ბრიტანეთი მოლაპარაკებებში არ მიიღებს მონაწილეობას და ბრიტანელი ოფიციალური პირები საუდის არაბეთში მხოლოდ უკრაინის მოთხოვნით გაემგზავრებიან.

ასევე იხილეთ