top_leaderboard

NYT: აშშ-ის მიერ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეჩერების გამო უკრაინას კურსკის ოლქში პრობლემები შეექმნა

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეჩერების გამო უკრაინელ ჯარისკაცებს რუსეთის კურსკის ოლქში პრობლემები შეექმნა. სტატიას ამ შინაარსით The New York Times-ი ავრცელებს.

არსებულ ინფორმაციას გამოცემას უდასტურებენ როგორც კურსკში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები, ისე ამერიკელი მაღალჩინოსნები.

იგივე დაუდასტურა წყარომ უკრაინის მთავრობიდან გამოცემა Time-ს გასულ კვირას. წყაროს თქმით, სადაზვერვო ინფორმაციის არარსებობა უკრაინელ ჯარისკაცებს კურსკში სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

გარდა ამისა, უკრაინას პრობლემები შეექმნა რუსეთის სხვა ტერიტორიებზეც. უკრაინას აღარ შეუძლია უთვალთვალოს რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებიც მის საზღვრებს უახლოვდებიან, რამაც სარაკეტო ან საავიაციო თავდასხმების შესახებ წინასწარი გაფრთხილება თითქმის შეუძლებელი გახადა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აგრეთვე რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანის შესაძლებლობა წაერთვა.

რუსული მედია-საშუალებების ინფორმაციით, რუსული არმია რამდენიმე დღის წინ კურსკის ოლქში მასირებულ შეტევაზე გადავიდა. რუსებს კურსკში მდებარე ქალაქ სუჯას დაკავება სურთ. მათ უკვე აიღეს სუჯასთან მდებარე რამდენიმე სოფელი, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებდნენ.

ასევე იხილეთ