პუტინი არანაირ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და მზადაა ბრძოლის გასაგრძელებლად
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეგნებულად წამოაყენა მოთხოვნები, რომლებიც მიუღებელია უკრაინელებისთვის, რადგან ის არავითარ შემთხვევაში არ აპირებს კომპრომისზე წასვლას და ეს ართულებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ძალისხმევას სამშვიდობო შეთანხმებისთვის, – ამის შესახებ Bloomberg-ი დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
„დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ აპირებს უკრაინის ტერიტორიის, სამშვიდობო ძალების და ნეიტრალიტეტის კომპრომეტირებას ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რაც გაართულებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას სამშვიდობო შეთანხმებისთვის“, – წერს გამოცემა.
როგორც Bloomberg-ი უშიშროების ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს, პუტინმა მოლაპარაკებების წინა დღეს წამოაყენა მიზანმიმართულად „მაქსიმალისტური“ მოთხოვნები და იცის, რომ ისინი მიუღებელია უკრაინელებისა და ევროპელებისთვის. ამავდროულად, პუტინი, როგორც გამოცემის წყაროები აცხადებენ, მზადაა ბრძოლის გასაგრძელებლად.
„პუტინის განზრახვები ეწინააღმდეგება ტრამპის შეხედულებებს, რომლებიც გააჟღერა თეთრ სახლში პარასკევს, როდესაც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სჯეროდა, რომ პუტინს მშვიდობა სურდა“, – ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა, ასევე, ციტირებს კრემლის სპიკერს დმიტრი პესკოვს, რომელმაც განაცხადა, რომ დასავლელი ოფიციალური პირების მიერ რუსეთის პოზიციის ასეთი შეფასება „რეალობას არ შეესაბამება“.
„რუსეთი ღიაა მშვიდობიანი ძალისხმევისთვის, უკრაინის ირგვლივ მშვიდობიანი მოგვარებისთვის და ჩვენ რეალურად გვირჩევნია მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს მშვიდობიანი და დიპლომატიური საშუალებებით“, – განაცხადა პესკოვმა.