top_leaderboard

ევროკავშირი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას მიესალმება

ევროკავშირი მიესალმება რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას, უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების განახლებას და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების აღდგენას. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

შეთანხმება 11 მარტს, საუდის არაბეთში ამერიკული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრაზე იყო მიღწეული.

ეს მოვლენების პოზიტიური განვითარებაა. ეს უნდა გახდეს უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ახლა ბურთი რუსეთის მხარეზეა“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა X-ში.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირს სამშვიდობო მოლაპარაკებაში პარტნიორული როლის შესრულება შეუძლია.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ევროპისა და ნატის ხელმძღვანელობას, რომ შემუშავებული იყოს უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიების გეგმა, თუ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა.

აშშ-ს და უკრაინას შორის მოლაპარაკება საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში 11 მარტს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ კიევის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინა რუსეთთან 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას თანხმდება და ეს არა მარტო საჰაერო იერიშებს, არამედ ფრონტის მთელ ხაზს შეეხება. სანაცვლოდ აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება აღუდგინა.

ასევე იხილეთ