ერმაკი: ცეცხლის შეწყვეტის დეტალები მომავალ კვირას განიხილება
საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებთან გამართულ მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დეტალებზე მსჯელობა მომავალ კვირას დაიწყება. ამის შესახებ მან ქალაქ ჯიდაში ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკების შემდეგ პრესასთან საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, თუ როგორ მოხდება ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი მისი შემოღების შემთხვევაში, ერმაკმა აღნიშნა, რომ ამ დეტალების განხილვა მომავალ კვირას ტექნიკურ დონეზე დაიწყება.
„მომავალ კვირას უკვე შევთანხმდით, რომ ტექნიკური ექსპერტების დონეზე გუნდები დაიწყებენ საუბარს ყველა დეტალზე“, – განაცხადა ერმაკმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, რომელიც ასევე იყო ჯიდაში გამართული მოლაპარაკების დელეგაციის წევრი, განაცხადა, რომ გუნდები ამჟამად ამ თემაზე კომუნიკაციას აგრძელებენ.
„ჩვენ განვიხილეთ ყველა ეს საკითხი, არსებობს შეთანხმებების ჩარჩო საკითხები, შესაბამისად, ამ კუთხით ჩვენი გუნდები ოპერატიულ დონეზე აგრძელებენ კომუნიკაციას. ჩვენ გვექნება კონტროლი სიტუაციაზე“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
11 მარტს საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.