top_leaderboard

აშშ-ის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული ახალი ტარიფების საპასუხოდ, ევროკავშირმა შესაძლოა, 26 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფები დააწესოს

აშშ-ის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული ახალი ტარიფების საპასუხოდ, რომლებიც დღეიდან შევიდა ძალაში, ევროკავშირი შესაბამის ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისია იწყებს რიგ საპასუხო ზომებს ევროპული საწარმოების, მუშებისა და მომხმარებლების დასაცავად.

„კომისია სინანულს გამოთქვამს აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, ასეთი ტარიფების შემოღებაზე, რაც დაუსაბუთებელია. ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ვაჭრობას და ზიანს აყენებს ბიზნესებსა და მომხმარებლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის საპასუხო ზომები შესაძლოა, მოიცავდეს 26 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფების დაწესებას, რაც შეესაბამება აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების მასშტაბს.

ამავდროულად, ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს აშშ-ის ადმინისტრაციასთან, რათა მოიძებნოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გზით. ზემოხსენებული ზომები შეიძლება, გაუქმდეს ნებისმიერ მომენტში, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ჩვენ ძალიან ვწუხვართ ამ ზომის გამო. ტარიფები გადასახადებია. ისინი საზიანოა ბიზნესისთვის და კიდევ უფრო უარესია მომხმარებლებისთვის. ფასები გაიზრდება როგორც ევროპაში, ასევე შეერთებულ შტატებში. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს მომხმარებლებისა და ბიზნესის დასაცავად“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ზომები არის „ძლიერი, მაგრამ პროპორციული“. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპული საპასუხო ზომები ორ ეტაპად ამოქმედდება, დაიწყება პირველი აპრილიდან და სრულად ძალაში შევა 13 აპრილიდან.

ასევე იხილეთ