კალინ ჯორჯესკუმ მხარდამჭერებს მიმართა: არჩევანი გააკეთეთ ისე, როგორც სინდისი გკარნახობთ, ბოლო ამოსუნთქვაზეა დემოკრატია და თავისუფლება, საჭიროა, ვაჩვენოთ, რომ ჩვენი არჩევანი მნიშვნელოვანია ბოლო მომენტამდე
რუმინეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს, მხარდამჭერებს მიმართა და მოუწოდა, არჩევანი სინდისის კარნახით გააკეთონ. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა. ამასთან, თავად ჯორჯესკუს პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატისთვის მხარდაჭერა არ გამოუცხადებია.
„იმის მერე, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში და ბოლო რამდენიმე თვეში მოხდა, გეტყვით, რომ მე მტკიცე დავრჩები თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ, მშვიდობისა და ღირსებისკენ ჩემს მოწოდებაში. თუ გსურთ რომელიმე პიროვნების მხარდაჭერა სხვა კანდიდატებისთვის ხმის მიცემით, გთხოვთ, გააკეთოთ ისე, როგორც თქვენი სინდისი გკარნახობთ. როგორც ჩანს, ამჟამად დემოკრატია და თავისუფლება ბოლო ამოსუნთქვაზეა და შესაბამისად, როგორც არასდროს, ჩვენგან საჭიროა, ვაჩვენოთ დემოკრატიულად და მშვიდობიანად, რომ ჩვენი არჩევანი მნიშვნელოვანია ბოლო მომენტამდე“, – თქვა ჯორჯესკუმ.
მან ასევე ევროკავშირსა და ნატო-ზე რუმინეთის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„ჩვენი შეცდომაა, რომ 35 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერი სხვებს მივანდეთ: ევროკავშირს – ფული, ნატო-ს – თავდაცვა, აშშ-ს – ჩვენი საკუთარი არჩევნებისგან გადარჩენა. ამგვარად, გავხდით დამოკიდებულები სხვებზე და ახლა აღმოვაჩინეთ, რომ არ შეგვიძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება“, – თქვა ჯორჯესკუმ.
ამას გარდა, სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში კალინ ჯორჯესკუმ რუმინეთს საფრანგეთისა და ბრიუსელის კოლონია უწოდა.
შეგახსენებთ, გუშინ რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კალინ ჯორჯესკუს სარჩელი არჩევნებში მისი კანდიდატურის რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
რუმინეთში პოლიტიკური ვითარება 2024 წლის ნოემბრის ბოლოს დაიძაბა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ყველასთვის მოულოდნელად, ულტრამემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ხმების 22%-ით პირველ ადგილზე გავიდა. თუმცა, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.
რუმინეთში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს არის დანიშნული.