top_leaderboard

Politico: კიტ კელოგი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს პრაქტიკულად ჩამოაშორეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, კიტ კელოგი სამშვიდობო მოლაპარაკებებს პრაქტიკულად ჩამოაშორეს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კელოგი გუშინ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.

უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკებებში ამერიკული მხრიდან მთავარ როლს ახლა თამაშობენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.

რამდენიმე „რესპუბლიკელი“ ექსპერტი, რომელიც ტრამპის გუნდს კონსულტაციას უწევდა, გამოცემას უყვება, რომ კელოგის არყოფნა მეტყველებს იმაზე, რომ ის პროცესებს ჩამოაშორეს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, კელოგის როლი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მათთვის გაურკვეველია რატომ არ იღებს ტრამპი „საბოლოო გადაწყვეტილებას“.

როგორც Politico აღნიშნავს, კელოგის ჩამოშორება მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკულ ადმინისტრაციაში იზრდება იმ ფრთის გავლენა, რომელიც ვაშინგტონის მიერ კიევის სამხედრო მხარდაჭერას სკეპტიკურად უყურებს. ამ ფრთის წარმომადგენლები, პირველ რიგში, არიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და თავდაცვის მდივნის პოლიტიკურ საკითხებში მოადგილის პოსტზე წარდგენილი ელბრიჯ კოლბი.

თუმცა, Politico წერს, რომ სხვა ჩინოვნიკები ამ ინფორმაციას უარყოფენ. ასე მაგალითად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანი, ჯეიმს ჰიუიტი ამბობს, რომ ტრამპმა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ბევრ ადამიანს უხმო, ხოლო კელოგი „გუნდის ძვირფას წევრად რჩება, განსაკუთრებით ევროპელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებების საქმეში“.

ასევე იხილეთ