კრემლში აცხადებენ, რომ მოსკოვი აშშ-ისგან უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ მეტ ინფორმაციას ელის
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი შეერთებული შტატებისგან საუდის არაბეთში უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების შესახებ მეტ დეტალებს ელის.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, კრემლი ყურადღებით სწავლობს აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგ განცხადებებს.
„ჩვენ აგრეთვე არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა, უმაღლეს დონეზე სატელეფონო საუბარიც გახდეს საჭირო. თუ ასეთი საჭიროება გაჩნდება, ის ძალიან სწრაფად იქნება ორგანიზებული. ამერიკელებთან არსებული დიალოგის არხები ამის გაკეთების საშუალებას შემჭიდროებულ ვადებში იძლევა“, – აცხადებს პესკოვი.
ამასთან, პესკოვს დაუსვეს კითხვა, ხელსაყრელია თუ არა რუსეთისთვის წინადადება 30-დღიანი ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ მოსკოვმა ჯერ ვაშინგტონისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია.
ინფორმაციისთვის, 11 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ჯედაში აშშ-სა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა.
მოლაპარაკებების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დასთანხმდა შეერთებული შტატების შეთავაზებას 30- დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.