The Telegraph: პუტინისთვის ახლა ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება რთულია, რადგან რუსეთი წინ მიიწევს
რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს გაუჭირდება, დაეთანხმოს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტას შეერთებული შტატების მხარდაჭერით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსული ჯარები ფრონტის ხაზზე წინსვლას აგრძელებენ. ამის შესახებ რუსეთის მაღალჩინოსანმა წყარომ The Telegraph-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
„პუტინისთვის რთულია დაეთანხმოს ამას მისი ამჟამინდელი ფორმით. პუტინი ძლიერ პოზიციაშია, რადგან რუსეთი წინ მიიწევს“, – განუცხადა გამოცემას ანონიმურმა წყარომ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ზოგადი შეტევის მიუხედავად, რუსეთის წინსვლის ტემპი აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ძირითადი ბრძოლებია კონცენტრირებული, ბოლო კვირებში გარკვეულწილად შენელდა.
მოსკოვი თებერვალში 389 კვადრატული კილომეტრით დაწინაურდა, იანვარში – 431 კვადრატული კილომეტრით, 2024 წლის დეკემბერში – 476 კვადრატული კილომეტრით, ნოემბერში კი პიკს მიაღწია და 725 კვადრატული კილომეტრით წინ წაიწია, იტყობინება სააგენტო AFP.
თუმცა, რუსეთმა ბოლო დროს მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კურსკის ოლქში, სადაც გასულ ზაფხულს უკრაინის ჯარები შეიჭრნენ. 11 მარტს მოსკოვმა განაცხადა, რომ 12 დასახლებაზე კონტროლი აღადგინა.
ამავე დროს, რუსეთის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა წყარომ გამოთქვა შეშფოთება, რომ ცეცხლის შეწყვეტის წინადადება შეიძლება კრემლისთვის მახეა, რადგან მკაფიო გარანტიებისა და დაპირებების გარეშე პუტინისთვის რთული იქნება ომის ოფიციალურად შეწყვეტა.
კიდევ ერთმა წყარომ მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეაფასა, როგორც მანევრი აშშ-სა და უკრაინას შორის სამხედრო მხარდაჭერისა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარების აღსადგენად, რომელიც შენიღბულია, როგორც ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა.