top_leaderboard

რუბიო აცხადებს, რომ თუ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტა დამყარდება, მისი მონიტორინგი ადვილი იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ თუ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტა დამყარდება, მისი შესრულების მონიტორინგი ადვილი იქნება. ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტებს G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამგზავრებამდე განუცხადა, ციტირებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური.

რუბიოს თქმით, „ყველაზე საინტერესო“ თანამედროვე ომის შესახებ არის ის, რომ მისი თვალყურის დევნება მარტივია, რადგან „მიწაზე ბევრი თვალია“.

საკმაოდ რთული იქნება დრონებით დარტყმების დამალვა, რთული იქნება სარაკეტო დარტყმების დამალვა, ბალისტიკური დარტყმები, საარტილერიო თავდასხმები. ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ის, რისი მონიტორინგიც შესაძლებელია“, – განაცხადა მან.

როგორც სახელმწიფო მდივანმა დასძინა, თუ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტაზე, „მაშინ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, თუ ვის ენდობა ორივე მხარე ადგილზე სროლის მონიტორინგისთვის“.

მაგრამ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და არ მგონია, რომ რთული იყოს ორგანიზება. ჩვენ დეტალებში არ შევსულვართ, მაგრამ ცხადია, რომ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის აუცილებლობა ყველასთვის აშკარაა“, – დაასკვნა მან.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინა დათანხმდა ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას, თუ რუსეთიც იგივე ნაბიჯს გადადგამს.

რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს „ცეცხლის შეწყვეტის“ წინადადებას გადასცემს  და იმედოვნებს, რომ ის ამას დათანხმდება.

ასევე იხილეთ