top_leaderboard

ევროკავშირი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მიღწეულ შეთანხმებას

ევროკავშირი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მიღწეულ შეთანხმებას. განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სახელით უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის განცხადებებს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტსა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებაზე მუშაობის დასრულებას. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ორივე მხარემ რამდენიმე წელი გულმოდგინედ იმუშავა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ერევნისა და ბაქოს განცხადებები შეთანხმებაზე მუშაობის დასრულების შესახებ რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ მხარეთა კომპრომისების ხარჯზე ამ პროცესის ბოლომდე მიყვანაა აუცილებელი.

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს და მზად არის დამატებითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს, თუ მხარეები შესაბამისი თხოვნით მას მიმართავენ, აღნიშნულია განცხადების ტექსტში.

ცნობისთვის, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ერევანმა მიიღო ბაქოს წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის შეუთანხმებელ მუხლებთან დაკავშირებით. სომხური მხარის განცხადებით, სომხეთი მზად არის აზერბაიჯანთან ერთად განიხილოს შეთანხმების ხელმოწერის დროისა და ადგილის საკითხი.

ასევე იხილეთ