top_leaderboard

რატი იონათამიშვილი ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ნარკომომხმარებლებისთვის უფლებრივი შეზღუდვა ხდება პრევენციისთვის, რომ აცდენას არ მოჰყვეს სხვა უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენა

ნარკომომხმარებლებისთვის უფლებრივი შეზღუდვა ხდება პრევენციისთვის, რომ აცდენას არ მოჰყვეს სხვა უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის რეგულაციებში ექცევა, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა რეგულაცია ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას ქვეყანაში.

„Როდესაც ადამიანი არის ნარკომომხმარებელი, უნდა მართავდეს თუ არა სატრანსპორტო საშუალებას?! მე მგონია, რომ ნამდვილად – არა. ამ შემთხვევაში ის პრობლემას უქმნის არა მარტო საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, არამედ სხვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, იარაღის ტარების უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეს. ესეც მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ სწორედ საზოგადოებრივი უსაფრთხოება იყოს დაცული. ნარკომომხმარებელი უნდა იყოს პედაგოგი სკოლებში თუ არ უნდა იყოს?! ამაზეც მე მგონი ცალსახა და ერთაზროვანი პასუხი აქვს ჩვენს საზოგადოებას, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე. ამიტომ ეს უფლებრივი შეზღუდვა სინამდვილეში ხდება პრევენციისთვის, რომ აცდენას არ მოჰყვეს სხვა უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენა. ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ მოჰყვეს მერე ისეთი დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის რეგულაციებში ექცევა. აქედან გამომდინარე, ეს არის პროპორციული ზომა, პირველ რიგში, რომელიც ნამდვილად არის სამართლიანი რეაგირება მსგავს საკითხებზე. ასე რომ ეს ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას ჩვენს საზოგადოებაში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ