ევროპარლამენტის წევრი ტრამპისგან თავისუფლების ქანდაკების საფრანგეთისთვის დაბრუნებას მოითხოვს
ევროპარლამენტის წევრმა რაფაელ გლუქსმანმა აშშ-სგან საფრანგეთისთვის თავისუფლების ქანდაკების დაბრუნება მოითხოვა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ევროდეპუტატმა განაცხადა, რომ აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც თავისუფლების პრინციპებს არ შეესაბამება. ეს განცხადება გლუქსმანმა მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის, Place publique-ის შეკრებაზე გააკეთა.
თავის გამოსვლაში გლუქსმანმა უკრაინას მხარი დაუჭირა, ხოლო ვაშინგტონი მოსკოვთან დაახლოების გამო გააკრიტიკა. ასევე ფრანგმა პოლიტიკოსმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა, რომელმაც, მისი თქმით, სამსახურიდან გაათავისუფლა მეცნიერები, რომლებმაც სამეცნიერო თავისუფლება მოითხოვეს.
„ჩვენ გაჩუქეთ თავისუფლების ქანდაკება, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ ის გეზიზღებათ“, – მიმართა მან ამერიკელებს.
თავისუფლების ქანდაკების ავტორი მოქანდაკე ოგიუსტ ბერტოლდია. ქანდაკება აშშ-ს საფრანგეთმა აჩუქა დამოუკიდებლობისთვის აშშ-ის ბრძოლის მე-100 იუბილეზე. იმ ომში ფრანგები ინგლისელი კოლონიზატორების წინააღმდეგ ამერიკელების მხარეს იბრძოდნენ.
46-მეტრიანი სპილენძის ქანდაკება 1886 წელს ნიუ-იორკში, თავისუფლების კუნძულზე გაიხსნა. მილიონობით ემიგრანტისთვის, რომლებიც აშშ-ში გემით ჩადიოდნენ, ეს ქანდაკება თავისუფლების და უკეთესი მომავლის სიმბოლო გახდა.