ევროპაში წითელას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
რეგიონში, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის 53 ქვეყანას მოიცავს წითელას შემთხვევათა 40%-ზე მეტს ხუთ წლამდე ბავშვები შეადგენენ. შემთხვევათა ნახევარზე მეტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 2025 წლის 6 მარტის წინასწარი მონაცემებით, დაფიქსირდა სულ 38 გარდაცვალება. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება.
რეგიონში წითელას შემთხვევები 1997 (216,000 შემთხვევა) წლიდან მცირდება. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა – 4,440 შემთხვევა. თუმცა, მატებას ადგილი ჰქონდა 2018 და 2019 წლებში, შესაბამისად, 89,000 და 106,000 შემთხვევა.
COVID-19-ის პანდემიის დროს იმუნიზაციის მოცვის შემცირების შედეგად, 2023 და 2024 წლებში წითელას მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვაქცინაციის მაჩვენებლები ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა პანდემიამდელ დონემდე, რაც ზრდის ეპიდემიის გავრცელების რისკს.
„წითელა დაბრუნდა და ეს არის გაფრთხილება. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლების გარეშე ადამიანები დაუცველნი რჩებიან. ჩვენ ამჟამად ვაყალიბებთ ახალ რეგიონულ ჯანდაცვის სტრატეგიას ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის და უნდა გავუფრთხილდეთ მიღწეულ პროგრესს. ყველა ქვეყანამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა მიაღწიონ ხმა არასრულად ვაქცინირებულ ადამიანებს,“ – ამბობს ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს პ. კლუგე და დასძენს, რომ „წითელას ვირუსი არ ჩერდება და არც ჩვენ გვაქვს უფლება მოვადუნოთ ყურადღება.”
2024 წელს გლობალურად წითელას შემთხვევათა ერთი მესამედი დაფიქსირდა ევროპაში. მხოლოდ 2023 წელს რეგიონის მასშტაბით 500,000 ბავშვმა გამოტოვა წითელას ვაქცინის პირველი დოზა (MCV1), რომელიც გეგმური იმუნიზაციის კალენდრის ნაწილია.
„წითელას შემთხვევებმა ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მოიმატა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმუნიზაციის ხარვეზებზე“, – ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონული დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რეგინა დე დომინიკისი.
ინფორმაციისთვის, წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია. მან შეიძლება გამოიწვიოს როგორც ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალება ჯანმრთელობის ისეთი გართულებების შედეგად როგორიცაა პნევმონია, ენცეფალიტი, დიარეა და დეჰიდრატაცია, ასევე ჯანმრთელობის ხანგრძლივი გართულებები, როგორიცაა სიბრმავე. მას ასევე შეუძლია ზიანი მიაყენოს იმუნურ სისტემას მისი ინფექციებთან ბრძოლის მეხსიერების „წაშლით“ და წითელათი დაინფიცირებულ ადამიანებს დაუცველებს დატოვებს სხვა დაავადებების მიმართ. ვაქცინაცია ვირუსებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა.
2023 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და რუმინეთში ბავშვთა 80%-ზე ნაკლებს ჩაუტარდა MCV1 ვაქცინაცია, რაც ბევრად დაბალია 95 %-იანი დაფარვის მაჩვენებელზე, რომელიც საჭიროა კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად. ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მონტენეგროში MCV1-ის დაფარვის მაჩვენებელი შესაბამისად 70% და 50% ქვემოთ მერყეობს მინიმუმ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
2024 წლისთვის რეგიონში ყველაზე მეტი – 30,692 შემთხვევა რუმინეთში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა ყაზახეთი 28,147 შემთხვევით.
წითელა რჩება მნიშვნელოვან გლობალურ საფრთხედ. 2024 წლისთვის მსოფლიოში წითელას 359,521 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი ყველა კონტინენტზე გავრცელდა. ამ უაღრესად ინფექციური დაავადების გავრცელება მოხდება იქ, სადაც ვირუსი აღმოაჩენს არავაქცინირებულ ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს.
UNICEF და WHO მოუწოდებენ მთავრობებს, სადაც წითელას აქტიური ეპიდემია მიმდინარეობს, სასწრაფოდ გააძლიერონ შემთხვევების გამოვლენა, მოიძიონ კონტაქტები და ჩაატარონ გადაუდებელი ვაქცინაციის კამპანიები.