top_leaderboard

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარკინიგზო კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც საქართველოს სარკინიგზო და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილის განცხადებით, სარკინიგზო პოლიტიკის რეფორმა 2023 წელს დაიწყო ევროკავშირის სარკინიგზო კანონმდებლობის შესაბამისად. რეფორმის პირველი ფაზის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შეიქმნა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს რეგულირების ინსტიტუციურ-სამართლებრივი ბაზა და უზრუნველყოს საქართველოში სარკინიგზო უსაფრთხოება, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში დანერგოს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები.

მისივე თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტები სარკინიგზო პოლიტიკის რეფორმის მეორე ფაზის ფარგლებშია შემუშავებული, რითაც ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობის მიერ დადგენილ ახალ სტანდარტებს უახლოვდება.

კანონპროექტების მიზანია რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება საკანონმდებლო დონეზე და სათანადო მექანიზმების შექმნა აღნიშნულის უზრუნველსაყოფად. ცვლილებები უზრუნველყოფს ასევე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, სარკინიგზო უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე ზედამხედველობის და მონიტორინგის საკითხი“, – განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს კანონების ევრორეგულაციებთან და ევროპის კანონებთან ჰარმონიზაციას შეუწყობს ხელს. მან იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტები რკინიგზის სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურ განხორციელებას დაეხმარება.

კომიტეტმა კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე იხილეთ