top_leaderboard

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა.

საკითხი კომიტეტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლობის სტანდარტების მკაფიო რეგულირებას, მაღალხარისხიანი მაუწყებლობის სტანდარტების ბრიტანული მოდელის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას, მედია პლურალიზმის და საზოგადოების ინფორმირების ხარისხის კუთხით საკანონმდებლო ნორმათა დახვეწას, ასევე, სამაუწყებლო პროცესში ეთიკური სტანდარტების დაცვას.

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტით იხვეწება საავტორო პროგრამის გადაცემის სტანდარტი. კერძოდ, საავტორო პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. ასევე, საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება; მკვიდრდება მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩო მაუწყებლის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად.

პროექტის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვან პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხს; მკვიდრდება მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვების ან/და გადაცემის ბრიტანული სტანდარტი.

ახალი ამბების პროგრამებში, საავტორო პროგრამის გარდა, საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას იზღუდება პოზიციის გამოხატვა. დამატებით განისაზღვრება კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ფარული ჩაწერის სტანდარტი.

მომხსენებლის თქმით, მაუწყებლებს აქამდეც ჰქონდათ ინფორმაციის ობიექტურობის დაცვის ვალდებულება, მაგრამ თუ მოქმედი რედაქციით, ეს საკითხები თვითრეგულირებით წესრიგდება და მაუწყებლებმა თვითონვე უნდა შეაფასონ კონკრეტული ფაქტი სწორია თუ „ფეიკია“, დაცულია თუ არა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და სხვა, ცვლილებების თანახმად, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მიმართოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

არჩილ გორდულაძის განცხადებით, საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს სწორი, გადამოწმებული ინფორმაცია და არა პოლიტიკური შეხედულებებით დახუნძლული თუ დეზინფორმაციული ხასიათის ფაქტების გავრცელება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე იხილეთ