top_leaderboard

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „2016 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“ N3 ცვლილების წერილ-შეთანხმებაზე“ იმსჯელა და მხარი დაუჭირა.

სარატიფიკაციო დოკუმენტი სხდომაზე განსახილველად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი პატარიძემ წარადგინა.

სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების ბოლო ვადა 2024 წლის 31 დეკემბერი იყო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროს სასესხო შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თხოვნით და სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების ვადის 24 თვით, 2026 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივების თაობაზე მიმართა.

„პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული 100 მილიონი ევროდან ასათვისებელი რჩება 32 მილიონი ევროს დანაზოგი დამატებითი აქტივობებისათვის, რაც შესაძლოა მოხმარდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებას. ეს აქტივობებია: სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა სისხლის ცენტრალური დაწესებულებისთვის, რომელიც უნდა მოეწყოს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ შენობაში, ამავე კლინიკის შენობაში ფარმაცევტული საქონლის სასაწყობე სივრცის აღჭურვა; სასწრაფო დახმარების მანქანების და რეანიმობილების შესყიდვა; ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის გენეტიკური ტესტირების ლაბორატორიის შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვა და რადიაციული თერაპიის ცენტრის შექმნის მიზნით ყველა საჭირო საქონლის თუ მომსახურების შეძენა და ასე შემდეგ“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აქტივობების მთავარ ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო კლინიკების გაძლიერება როგორც სამედიცინო აღჭურვილობის უზრუნველყოფის კუთხით, ასევე ლაბორატორიული და სამედიცინო ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებით.

ასევე იხილეთ