დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარდგენილი საერთაშორისო შეთანხმება განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილი „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს“ შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ განიხილა.
შეთანხმება ითვალისწინებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ თბილისის მეტროს შემადგენლობების შესყიდვის მიზნით, ასევე ორი ელექტროდეპოსა და მეტროს ორი ხაზის შემაერთებელი გვირაბის რეაბილიტაცია-აღჭურვისათვის თანადაფინანსების მიზნით თანხის გამოყოფას.
როგორც მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, აღნიშნული პროექტის თანადაფინანსებისათვის, ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის 2024 წლის 12 მარტის განკარგულების საფუძველზე, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) მიმართა. გასული წლის ოქტომბერში მეტროს მოდერნიზაციის პროექტის სასესხო შეთანხმების საბოლოო ტექსტზე შეჯერების მიზნით მოლაპარაკება გაიმართა. სესხის ოდენობა 125 მლნ ევროა. პროექტის დასრულების თარიღად განისაზღვრა 2031 წლის 31 დეკემბერი.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა დოკუმენტის რატიფიცირებას.