top_leaderboard

ლევან მაჭავარიანი: მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არეულობისთვის შემოაპარეს

„სააკაშვილი საქართველოში არეულობისთვის შემოაპარეს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, არ არის გამორიცხული დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შემდეგ, მას კიდევ ახალი ბრალდებები დაემატოს.

მიხეილ სააკაშვილი იმ რეჟიმის შემქმნელია, სადაც სისტემური წამება გაუპატიურება დღის წესრიგის წარმოადგენდა იმ ტოტალიტარული რეჟიმისთვის. ბიზნესის სისტემური რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა – 150 -მდე ახალგაზრდა არის დაღუპული, მოქალაქეების თვალთვალი საძინებლებში.

ბატონი სააკაშვილი შემოაპარეს საქართველოში პირდაპირ არეულობისთვის. ეს არჩევნების წინა დღეს მოხდა, სადაც, რა თქმა უნდა, ჩართული იყო უკრაინის სპეცსამსახურები და კიდევ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ჩართული იყო სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები.

შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, ამ დროს სააკაშვილს დაუსწრებლად მისჯილი ჰქონდა ბატონი გელაშვილის ცემის საქმეზე, უმოწყალოდ როდესაც გაიმეტეს და სცემეს ვალერი გელაშვილი და მეორე საკითხი არის, რა თქმა უნდა, ის ტრაგედია, რომელიც დაატრიალეს სანდრო გირგვლიანის გარშემო.

ამასთან, მას, ასევე, მიუსაჯა მოსამართლემ ძალიან სამართლიანად. ჩაშლილი არის მთელი მტკიცებულებები, მისი კორუფციული სქემები, სადაც 9 მილიონი ლარი აქვს გაფლანგული ბიუჯეტიდან, რისი დადასტურებაც მოხერხდა და პიჯაკების საქმის თემით შეკერეს ოპოზიციონერებმა. კარგად მოგვეხსენება, არ არსებობს პიჯაკები, რომელიც 9 მილიონი ლარი ჯდება.

ასევე, დაემატა საზღვრის უკანონო კვეთა და კიდევ ერთ საქმეში არის იგი ბრალდებული. ეს არის – 7 ნოემბრის ტრაგიკული დღე და იმედის დარბევა. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ მიიღო დისკრეციული გადაწყვეტილება რისი უფლებაც მას აქვს, შესაბამისად, გამოიყენა შეკრებითობის პრინციპი და ბატონ სააკაშვილს გაუხანგრძლივა ის ვადა, რა ვადითაც მას მოუწევს ციხეში ჯდომა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პირობებშიც, რა თქმა უნდა, არსებობს იმის ალბათობა, ბატონ სააკაშვილს კიდევ ახალი ბრალდებები დაემატოს, როდესაც ეს კომისია მუშაობას მორჩება და რეკომენდაციას მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადასცემს პროკურატურას და შესაბამის უწყებას. 

როდესაც გაასაჩივრეს მისი საქმეები სტრასბურგის სასამართლოში, სტრასბურგმა პირდაპირ, რა თქმა უნდა, დაადგინა ის, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება იყო რა გადაწყვეტილებაც ქართულმა სასამართლომ მიიღო“, – აღნიშნავს მაჭავარიანი. 

ასევე იხილეთ