საქართველოს სპორტის მინისტრი „რაგბი ევროპის“ პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ „რაგბი ევროპის“ პრეზიდენტ იანჰაინ პიტერსესთან და ვიცე-პრეზიდენტ ვესლავ ჰოლიევაცთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. როგორც საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრმა მათ ქართული რაგბის განვითარების გეგმა და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
„შეხვედრაზე განიხილეს ექვსი ერის ტურნირში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობა, რაშიც ქართულ მხარეს „რაგბი ევროპის“ პრეზიდენტმა მხარდაჭერა აღუთქვა. სპორტის მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა, საქართველომ უმასპინძლოს „რაგბი ევროპის“ წევრი ქვეყნების შეხვედრას, რომელზეც გაერთიანების განვითარებაზე იმსჯელებენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილეები ირაკლი მეძმარიაშვილი და ლაშა მაღრაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავა და რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.