top_leaderboard

„როიტერი“: იტალია და ესპანეთი არ არიან მზად, მხარი დაუჭირონ ევროკავშირის ინიციატივას, რომ მიმდინარე წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 40 მილიარდი ევრო გამოიყოს

იტალია და ესპანეთი არ არიან მზად, მხარი დაუჭირონ ევროკავშირის ინიციატივას, რომ მიმდინარე წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 40 მილიარდი ევრო იყოს გამოყოფილი, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

17 მარტს გამართული საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ მის წინადადებას აქვს „ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა“ და ახლა მიმდინარეობს დეტალების განხილვა.

როგორც „როიტერი“ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, ინიციატივას აქვს ძლიერი მხარდაჭერა ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან, თუმცა ზოგიერთი სამხრეთევროპული ქვეყანა უფრო მეტად თავშეკავებულია.

იტალიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრამდე განაცხადეს, რომ ჯერ ნაადრევია აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციის დაკავება.

მედიის ცნობით, გეგმასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა საფრანგეთსაც.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ წინადადება უნდა იყოს სიღრმისეულად განხილული მომავალი მოვლენების გათვალისწინებით.

„ჩვენ ველოდებით ტრამპი-პუტინის სატელეფონო ზარს, რათა ვნახოთ, იქნება თუ არა რამე ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ და აღნიშნა, რომ იტალიამ ასევე უნდა მონახოს რესურსები საკუთარი თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე ალბარესმა თქვა, „ვნახოთ, როგორ წარიმართება დებატები, თუმცა ამ ეტაპზე ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის“.

ხოსე ალბარესის თქმით, ესპანეთმა უკვე აიღო ვალდებულება, გამოუყოს უკრაინას მიმდინარე წელს ერთი მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება. მისი განცხადებით, მადრიდს არ სჭირდებოდა უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის შეთავაზების დალოდება, რათა ეჩვენებინა კიევისთვის, რომ შეუძლია ესპანეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

სააგენტო „როიტერი“ სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ მინისტერიალზე სლოვაკეთმა მიანიშნა, რომ უკრაინის დახმარების გეგმას არ დაბლოკავს, თუმცა საკუთარი წვლილის შეტანაზე უარს ამბობს.

კაია კალასის გეგმა ნიშნავს მიმდინარე წელს უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაორმაგებას.

„კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის“ მონაცემებით, უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარების მხრივ ევროპაში ლიდერობენ ესტონეთი, დანია და ლიეტუვა, რომლებმაც 2022 წლის იანვრიდან – 2024 წლის დეკემბრამდე პერიოდში კიევს მშპ-ს 2%-ზე მეტი გამოუყვეს. ევროპის ქვეყნებს შორის სიაში ბოლო ადგილებს იკავებენ იტალია, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და კვიპროსი, რომლებმაც მშპ-ს 0,5%-ზე ნაკლები გაიღეს. სიაში ბოლო ადგილს უნგრეთი იკავებს.

ასევე იხილეთ