ღაზაზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გასულ ღამეს ღაზას სექტორზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 404-მდე გაიზარდა.
მანამდე კი 300-ზე მეტი დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში „ჰამასის“ კუთვნილ ობიექტებზე მასიური დარტყმები განახორციელეს.
„თუ ჰამასი დარჩენილ 59 მძევალს არ დააბრუნებს ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება ღაზაში“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.
„ჰამასმა“ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობა საომარი მოქმედებების განახლების გადაწყვეტილებით მძევლების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
1-ელ მარტს ღაზას სექტორში 42-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვადა ამოიწურა, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების პირველი ეტაპის ნაწილი იყო.