ზელენსკის თქმით, ის დღეს ტრამპთან სატელეფონო საუბარს გამართავს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს ის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
„დღეს მე პრეზიდენტ ტრამპთან მექნება კონტაქტი. დღეს ჩვენ დეტალებს განვიხილავთ. ვფიქრობ, ჩვენ მომდევნო ნაბიჯების დეტალებს განვიხილავთ“, – თქვა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, 11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ამერიკულ მხარესთან გამართული შეხვედრა კარგი იყო.
„ვფიქრობ, ყველაფერი სწორად მიდიოდა, რომ არა რუსეთი, რომელიც მუდამ ძალიან უკმაყოფილოა, როცა რამე სწორად მიმდინარეობს“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკის იმედი აქვს, რომ ტრამპი მას მოუყვება, თუ რა ისაუბრეს პუტინთან გუშინ გამართული მოლაპარაკებების დროს.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ტრამპმა პუტინს 30 დღის მანძილზე უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებისგან თავის შეკავება შესთავაზა. პუტინი ამ იდეას დათანხმდა.