top_leaderboard

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ლევან მაჭავარიანის განმარტებით, კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი გადაიხდის საფასურს, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. ლიცენზიის მფლობელი გადაიხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.

კანონპროექტით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონს ემატება გარდამავალი დებულება, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელ ავტორიზებულ პირს, რომელსაც, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის უსასყიდლოდ მიენიჭა საჭირო რადიოსიხშირული რესურსი 10 წლის ვადით და რომელიც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, რადიოსიხშირული რესურსის სარგებლობის უფლება გაუგრძელდება იგივე პირობებით ერთხელ, უსასყიდლოდ, 10 წლის ვადით, კომისიის მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით.

ასევე იხილეთ