top_leaderboard

ლევან მახაშვილი: შეხვედრებიდანაც ძალიან ნათელია, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, წევრობის გზაზე და მზად არის საკუთარი იმ უნიკალური გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც ამ ქვეყანას აქვს

შეხვედრებიდანაც ძალიან ნათელია, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, წევრობის გზაზე და მზად არის საკუთარი იმ უნიკალური გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც ამ ქვეყანას აქვს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, ის ერთ-ერთი ბოლოთაგანი გაწევრიანდა ევროკავშირში და მათ აქვთ ზუსტად ის საჭირო ინფორმაცია, გამოცდილება, რაც ჩვენნაირი ქვეყნებისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ამ მხრივ არის სრული მზაობა, რუმინეთის მხრიდან, თუმცა, რუმინეთიც, სხვა ქვეყნებიც ასევე თავადაც აცნობიერებენ, რომ ერთია კანდიდატი ქვეყნების სურვილი და გადადგმული ნაბიჯები და მეორეა ის, რომ თავად ევროკავშირიც იყოს მზად მინიმუმ 2030 წლისთვის, ზოგადად, ევროკავშირის გაფართოებისთვის.

ყველანი ვთანხმდებით ძალიან ცალსახად, რომ ისტორიული, ძალიან სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ორი რაღაც. პირველი, შევინარჩუნოთ მშვიდობა რამდენადაც და როგორც იქნება შესაძლებელი. მეორე, ამ პროცესების მიუხედავად, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული შესაძლებლობები“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუქარესტში იმყოფება. დილიდან რუმინეთის პარლამენტში კოლეგებთან შეხვედრებს მართავენ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები.

ასევე იხილეთ