top_leaderboard

ფინეთის პრეზიდენტი: უკრაინამ თავიდან უნდა აიცილოს ისეთი „მშვიდობა“, რომელიც ფინელებს 1944 წელს დაუწესეს

ფინეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეთანხმოს რუსეთის პირობებს, რაც ნიშნავს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფინეთის სახელმწიფოს მეთაურმა კომენტარი გააკეთა საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ ჭორებზე, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ითხოვს და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის ზოგიერთი ნიშნის დაკარგვას ნიშნავს. ეს, კერძოდ, იყო ფინეთისთვის 1939-1940 წლების ეგრეთ წოდებული ზამთრის ომის შედეგი, როდესაც საბჭოთა კავშირი ქვეყანას თავს დაესხა.

„სახელმწიფოებრიობის საფუძველი სამ საყრდენზე დგას – დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. ფინეთმა ორი მათგანი 1944 წელს, სტალინის მშვიდობის დროს დაკარგა. ჩვენ შევინარჩუნეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ დავკარგეთ სუვერენიტეტი [სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაზე] გადაწყვეტილების მიღებისას და ასევე დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიის 10%“, – განაცხადა სტუბმა.

სტუბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის ამას ასევე პირადი განზომილება აქვს, რადგან სსრკ-მა დაიპყრო ის ტერიტორიები, „სადაც ჩემი ბებია და ბაბუა დაიბადნენ, სადაც მამაჩემი დაიბადა“. საბჭოთა კავშირთან სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ფინეთის მთავრობამ მოაწერა ხელი, ფინეთი დათანხმდა თავისი ტერიტორიების ნაწილის აღიარებას რუსეთის ნაწილად.

ფინეთის პრეზიდენტმა European Pravda-ს კითხვას, უნდა აიცილოს თუ არა ეს უკრაინამ, კატეგორიულად უპასუხა:

„თქვენს კითხვაზე, უნდა დათანხმდეს თუ არა უკრაინა ამ სიტუაციას, ჩემი პასუხი არის – აბსოლუტურად არა“, – განაცხადა მან და პირობა დადო, რომ გააგრძელებს მუშაობას, რათა უკრაინამ „შეინარჩუნოს როგორც დამოუკიდებლობა, ისე სუვერენული უფლება, განსაზღვროს თავისი გზა ევროპისკენ და დასავლეთისკენ და მისი ტერიტორიული მთლიანობა“.

ასევე იხილეთ